ქ. თესალონიკში ქართული საკვირაო სკოლის ორგანიზებით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საზეიმოდ აღინიშნა
2025 წლის 24 მაისს, ქ. თესალონიკში ქართული საკვირაო სკოლის ორგანიზებით, (ხელმძღვანელი ნათია მაისურაძე) საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საზეიმოდ აღინიშნა. ღონისძიებაზე სკოლის მოსწავლეებმა წარადგინეს მათ მიერ მომზადებული ლიტერატურული კომპოზიციები, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიუძღვნეს.
ღონისძიებაში ასევე მონაწილეობა მიიღეს თესალონიკში მოქმედმა უკრაინის საკვირაო სკოლის ბავშვებმა, რომლებმაც უკრაინულ ენაზე რამდენიმე სიმღერა შეასრულეს.
ამასთან, ღონისძიებაზე ქართული ცეკვები შეასრულეს ბექა ჟამურელის ქართული ქორეოგრაფიული ანსამბლის „ლომისი" აღსაზრდელებმა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ თესალონიკში საქართველოს გენერალური კონსული, გელა ჯაფარიძე, გენერალური საკონსულოს თანამშრომლები და ადგილობრივი ქართული დიასპორის წარმომადგენლები.
გენერალურმა კონსულმა დამსწრე საზოგადოებას მიულოცა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და მადლობა გადაუხადა სკოლის დირექტორს, პედაგოგებს, მშობლებსა და ბავშვებს ღონისძიების ორგანიზებაში შეტანილი წვლილისთვის.