Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს გენერალური საკონსულო ქ. თესალონიკში

საქართველოს გენერალური საკონსულო ქ. თესალონიკში

საქართველოს გენერალური საკონსულო ქ. თესალონიკში

მისასალმებელი სიტყვა

ძვირფასო თანამემამულენო, მოგესალმებით!

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ქ. თესალონიკში საქართველოს გენერალური საკონულოს ვებ-გვერდზე. აღნიშნული ვებ-გვერდის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ ინფორმაცია მიიღოთ საქართველოში მიმდინარე პროცესების, საკონსულოს მიერ განხორციელებული სხვადასხვა აქტივობებისა და სიახლეების შესახებ, აგრეთვე ეწვიოთ საკონსულო განყოფილების, სასარგებლო ინფორმაციებისა და ორმხრივი ურთიერთობების ბმულებს, სადაც დეტალურად გაეცნობით საკონსულო მომსახურების ტარიფებს, საქართველოს კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, მედიკამენტების საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის წესს, საქართველოსა და საბერძნეთს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების დინამიკას და მოიძიებთ თქვენთვის სხვა საინტერესო და სასარგებლო ინფორმაციას.

 ქ. თესალონიკში საქართველოს გენერალური საკონსულო თავის საქმიანობას ახორციელებს საბერძნეთის რესპუბლიკის ჩრდილოეთ რეგიონში: მაკედონიის (აღმოსავლეთი, დასავლეთი და ცენტრალური მაკედონია, მოსახლეობის რაოდენობა - 2 487 447), თრაკიის (მოსახლეობის რაოდენობა - 371 208) და თესალიის (მოსახლეობის რაოდენობა - 732 762) ტერიტორიებზე. რეგიონის ადმინისტრაციულ ცენტრს წარმოადგენს ქ. თესალონიკი, რომლის მოსახლეობა, ოფიციალური მონაცემებით, შეადგენს 1 012 297 ადამიანს. ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის თვალსაზრისით, გენერალური საკონსულოს საკონსულო ოლქი იყოფა ოთხ რეგიონად:

1. აღმოსავლეთ მაკედონია და თრაკია -  ქ. კომოტინი (ადმინისტრაციული ცენტრი). რეგიონის შემადგენელი პრეფექტურებია: დრამა (ქ. დრამა), ევროსი (ქ. ალექსანდრუპოლი), კავალა (ქ. კავალა), როდოპი (ქ. კომოტინი), კუნძული თასოსი (ქ. თასოსი), ქსანთი (ქ. ქსანთი);

2. ცენტრალური მაკედონია - ქ. თესალონიკი (ადმინისტრაციული ცენტრი). რეგიონის შემადგენელი პრეფექტურებია: ხალკიდიკი (ქ. პოლიღიროსი), იმათია (ქ. ვერია), კილკისი (ქ. კილკისი), პელლა (ქ. ედესა), პიერია (კატერინი), სერესი (ქ. სერესი), თესალონიკი (ქ. თესალონიკი);

3.  დასავლეთ მაკედონია - ქ. კოზანი (ადმინისტრაციული ცენტრი). რეგიონის შემადგენელი პრეფექტურებია: ფლორინა (ქ. ფლორინა), გრევენა (ქ. გრევენა), კასტორია (ქ. კასტორია), კოზანი (ქ. კოზანი);

4. თესალია - ქ. ლარისა (ადმინისტრაციული ცენტრი). რეგიონის შემადგენელი პრეფექტურებია: კარდიცა (ქ. კარდიცა), ლარისა (ქ. ლარისა), მაგნესია (ქ. ვოლოსი), ტრიკალა (ქ. ტრიკალა), კუნძული სპორადები.

ჩემთვის დიდი პატივი და ამავე დროს, დიდი პასუხისმგებლობაც, წარმოვადგენდე საქართველოს ქ. თესალონიკში გენერალური კონსულის პოზიციაზე. მოხარული ვარ, რომ ჩემი დიპლომატიური საქმიანობის გაგრძელება ქ. თესალონიკში მომიწია, სადაც ათიათასობით საქართველოს მოქალაქე ცხოვრობს. მინდა იცოდეთ, რომ ემიგრაციაში მყოფი თითოეული თქვენგანის შრომა, ძალისხმევა და ერთგულება საქართველოს მიმართ განსაკუთრებულ დაფასებას იმსახურებს. წლებია უკვე უცხოეთში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ ეროვნული ინტერესების დაცვისა და საზღვარგარეთ საქართველოს სახელის სათანადო დონეზე წარმოჩენის საქმეში. მიგვაჩნია, რომ სახელმწიფოსა და ემიგრანტებს შორის არსებული კავშირები კიდევ უფრო უნდა განმტკიცდეს და მომავალშიც შენარჩუნდეს, რათა უცხოეთში დაბადებულ ქართველ ბავშვებს საშუალება მიეცეთ სრულყოფილად ისწავლონ ქართული ენა, გაეცნონ ქართულ კულტურას, ხელოვნებას, საქართველოს ისტორიას და ამავდროულად, შეინარჩუნონ ეროვნული იდენტობა, რაც მსოფლიოში მიმდინარე გლობალიზაციის პირობებში სულ უფრო რთული ხდება.

გპირდებით, რომ მე, როგორც გენერალური კონსული და საკონსულოს თითოეული თანამშრომელი, ძალისხმევას არ დავიშურებთ, რათა  მაქსიმალურად დაცული იყოს საკონსულო ოლქში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა და იურიდიულ პირთა კანონიერი უფლებები და ინტერესები. ამისათვის, თესალონიკში საქართველოს გენერალურ საკონსულოში, ისევე როგორც საზღვარგარეთ განლაგებულ საქართველოს ყველა დიპლომატიურ წარმომადგენლობაში, მოქმედებს გადაუდებელი დახმარების 24 საათიანი ცხელი ხაზი და ფეისბუქ გვერდის მესინჯერი. ამასთანავე, გენერალური საკონსულოს კარი ყოველთვის ღიაა თქვენთვის, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, ყოველთვის მზად ვართ პირადად შეგხვდეთ, მოგისმინოთ, თანადგომა გაგიწიოთ და ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, ოპერატიულად მოვახდინოთ შესაბამისი რეაგირება. ჩვენ, აგრეთვე, ვმუშაობთ იმისათვის, რათა მოქალაქეებისთვის უფრო მეტად გამარტივდეს საკონსულო სერვისებზე წვდომა და კიდევ უფრო გაუმჯობესდეს საკონსულო მომსახურების ხარისხი. ამასთანავე, ვფიქრობთ, რომ დიდი მნიშვნელობა ენიჭება გენერალურ საკონსულოსა და ქართულ დიასპორას შორის პირდაპირი სახის კომუნიკაციას, რაც საერთო, ქართული საქმის წარმატების საწინდარია.

საქართველოსა და საბერძნეთის ურთიერთობები ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვიდან, კერძოდ კი ანტიკური პერიოდიდან იწყება. ორ ქვეყანას საერთო ფასეულობები და მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა აკავშირებს და ამ მეგობრობაში ერთ-ერთი მთავარი ადგილი ქ. თესალონიკს უკავია, რადგანაც სწორედ თესალონიკში და მის ახლომდებარე რეგიონებში კომპაქტურად  არიან დასახლებული 90-იან წლებში საქართველოდან წამოსული პონტოელი ბერძნები, რომლებიც ორ ქვეყანას შორის მეგობრობის ერთგვარ ხიდს წარმოადგენენ. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ მსოფლიოში ძნელად თუ მოიძებნება სხვა ორი ერი, რომელსაც ისეთი ხანგრძლივი და მეგობრული ურთიერთობები აქვს, როგორიც ქართველებსა და ბერძნებს. ეს განპირობებულია არა მარტო სულიერი, არამედ იმ ისტორიული და პოლიტიკური კავშირებითაც, რაც ორ ქვეყანას შორის მუდამ იყო. შესაბამისად, ჩვენი მიზანია, რომ ამ მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების დინამიკა, უფრო მაღალ ნიშნულზე ავიყვანოთ და ბერძენ საზოგადოებას უფრო ახლოს გავაცნოთ საქართველოში მიმდინარე პროცესები, ქართული კულტურა, ხელოვნება, ქვეყნის ტურისტული პოტენციალი, ტრადიციული ქართული სამზარეულო და სხვა. ქ. თესალონიკი ისტორიულად ყოველთვის იყო და დღესაც რჩება ბალკანეთის რეგიონის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სტრატეგიულ ცენტრად, შესაბამისად, გენერალური საკონსულოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტული მიმართულება საქართველოსა და ჩრდილოეთ საბერძნეთის რეგიონს შორის სავაჭრო-ეკონომიკური, განათლების, მეცნიერებისა და სპორტის სფეროებში ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობაა.

 გვჯერა, რომ გენერალური საკონსულოს ვებ-გვერდი რეალურად დაგეხმარებათ თქვენთვის სასურველი ინფორმაციის მიღებაში და გაგიადვილებთ ყველა საჭირო სერვისებზე წვდომას.

გისურვებთ მშვიდობას, ჯანმრთელობას, კეთილდღეობასა და წარმატებებს.

  

   პატივისცემით,
  

                      გელა ჯაფარიძე

ქ. თესალონიკში საქართველოს გენერალური კონსული