2025 წლის 21 დეკემბერს, ათენისა და მაკედონიის ეროვნული საინფორმაციო სააგენტოს მიერ, გამოქვეყნდა ვრცელი ინტერვიუს პირველი ნაწილი, ქ. თესალონიკში საქართველოს გენერალურ კონსულთან, გელა ჯაფარიძესთან.
2025 წლის 21 დეკემბერს, ათენისა და მაკედონიის ეროვნული საინფორმაციო სააგენტოს მიერ, გამოქვეყნდა ვრცელი ინტერვიუს პირველი ნაწილი, ქ. თესალონიკში საქართველოს გენერალურ კონსულთან, გელა ჯაფარიძესთან.
გენერალურმა კონსულმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ საბერძნეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წელს დამყარდა, თუმცა ორი ქვეყნის კავშირები ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვიდან იწყება. რაც შეეხება ორ ქვეყანას შორის არსებულ დღევანდელ ურთიერთობებს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან და დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შემდეგ საქართველო-საბერძნეთის ურთიერთობებმა ახალი იმპულსი შეიძინა და ეს ურთიერთობები გაღრმავდა როგორც პოლიტიკური, ასევე კულტურული და ხალხთაშორისი კავშირების კუთხით. საბერძნეთი აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს.
გელა ჯაფარიძემ, ასევე, აღნიშნა, რომ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები 1992 წლიდან იღებს სათავეს და ქვეყანა წლებია დგას ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე. საქართველომ არაერთი რეფორმა განახორციელა ევროკავშირსა და საქართველოს ასოცირების დღის წესრიგის ნაკისრი ვალდებულებების კუთხით.
გენერალური კონსულის თქმით, საქართველოსთვის და ქართველებისთვის დიდი ილია ჭავჭავაძის უკვდავი სიტყვები „მამული, ენა, სარწმუნოება“, ზნეობრივ იდეასთან ერთად, ის გენეტიკური კოდია, რომელიც ქართველების უმთავრეს ეროვნულ და სამოქალაქო პასუხისმგებლობას გამოხატავს.
მან აგრეთვე ინტერვიუში ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ საქართველო, ისევე როგორც ცივილიზებული მსოფლიოს სხვა ქვეყნები, ცდილობს თავისი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით იმოქმედოს და ამავდროულად სუვერენიტეტიც განამტკიცოს.
მისივე სიტყვებით, საქართველო ერთგული რჩება ტრადიციული ევროპული ფასეულობებისა და ევროპული კურსის მიმართ და 2030 წლისთვის საქართველო იქნება ყველა კანდიდატ ქვეყანაზე მეტად მზად ევროკავშირში გასაწევრიანებლად.
გელა ჯაფარიძემ აგრეთვე ისაუბრა, ქართული კულტურის მნიშვნელოვან როლზე საქართველოსა და საბერძნეთს შორის ურთიერთგაგებისა და მეგობრობის გაღრმავების საკითხებში - ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ეფუძნება მრავალსაუკუნოვან ისტორიულ კავშირებს, შავი ზღვის საერთო სივრცესა და კულტურულ დიალოგს, რომლის გაღრმავებაშიც განსაკუთრებული ადგილი უკავია კულტურულ გაცვლას.