გენერალურმა კონსულმა და საკონსულოს თანამშრომლებმა შეხვედრები გამართეს აღმოსავლეთ მაკედონიისა თრაკიის რეგიონის უშიშროების სამმართველოს უფროსთან, რეგიონის პოლიციის სამმართველოს უფროსთან და ქ. ალექსანდრუპოლის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილესთან
2025 წლის 28 მარტს აღმოსავლეთ მაკედონიისა და თრაკიის ოლქში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ქ. თესალონიკში საქართველოს გენერალურმა კონსულმა, გელა ჯაფარიძემ და საკონსულოს თანამშრომლებმა შეხვედრები გამართეს აღმოსავლეთ მაკედონიისა თრაკიის რეგიონის უშიშროების სამმართველოს უფროსთან, პ. გულიამასთან, რეგიონის პოლიციის სამმართველოს უფროსთან, ხ. აქსისთან და ქ. ალექსანდრუპოლის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილესთან, კ. კერემისთან.
ამასთანავე, გენერალური კონსული და საკონსულო თანამშრომლები ეწვივნენ საბერძნეთ-თურქეთის კიპის საბაჟო-გამშვებ პუნქტს, სადაც შეხვედრები გაიმართა საბაჟოს უფროსთან ხ. ნაკასთან, კიპის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის პოლიციის კომანდორთან, ი. დემირაკისთან, კიპის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის საბაჟოს უფროსის მოადგილეეებთან, გ. კანსაზოღლუსთან და ე. ღიორთზოპულოსთან.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო მხარეებს შორის არსებულ აქტუალურ საკითხებს და თანამშრომლობის სწრაფი მექანიზმების დანერგვის შესაძლებლობებს. ხაზი გაესვა რეგიონის სამართალდამცავ და საბაჟო სტრუქტურებსა და გენერალურ საკონსულოს შორის პირდაპირი კომუნიკაციის მნიშვნელობას, საქართველოს მოქალაქეების კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვის მაქსიმალურად უზრუნველყოფის კუთხით. ამ მიმართულებით მხარეების შეთანხმდნენ საქმიანი თანამშრომლობისა და ინფორმაციების ოპერატიულად ურთიერთგაცვლაზე და და განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.
კიპის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე შეხვედრისას დეტალურად იქნა განხილული როგორც საქართველოს მოქალაქეთა, ასევე საქართველოში რეგისტრირებული სხვადასხვა ტიპის სატრანსპორტო საშულებების მიერ საზღვრის კვეთის პროცედურები და მასთან დაკავშირებული საკითხები.შეხვედრაზე კმაყოფილებით აღინიშნა გენერალურ საკონსულოსა და კიპის საბაჟო-გამშვებ პუნქტს შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა.