ქართულ საკვირაო სკოლაში „მერცხალი“ საზეიმოდ აღინიშნა დედაენის დღე
2025 წლის 12 აპრილს, ქ. თესალონიკში, ქართულ საკვირაო სკოლაში „მერცხალი“ საზეიმოდ აღინიშნა დედაენის დღე. სკოლის მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს მათ მიერ მომზადებული ლიტერატურული ნომრები, რომლებიც ეძღვნებოდა დედაენის დღეს.
ღონისძიების სლოგანი იყო „ქართველები უცხო ქვეყანაში უნდა ვიზრდებოდეთ ღირსებით და სიამაყის განცდით, რომ ქართველები ვართ და დღემდე ვინარჩუნებთ ქართულ ენას“!
ღონისძიებას ესწრებოდნენ თესალონიკში საქართველოს გენერალური კონსული, გელა ჯაფარიძე, გენერალური საკონსულოს თანამშრომლები და თესალონიკში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები.
გენერალურმა კონსულმა საკვირაო სკოლის მოსწავლეებს სამადლობელი სიგელები და ქართული წიგნები გადასცა. მან სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ უცხოეთში მცხოვრები ქართველი ბავშვების ეროვნული იდენტობის შენარჩუნების საქმეში ენა მთავარი მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორია.
ასევე, გენერალურმა კონსულმა მასწავლებლებს, მოსწავლეებს და მშობლებს დედაენის დღე მიულოცა და მადლობა გადაუხადა საკვირაო სკოლის დირექტორსა და პედაგოგებს იმ ძალისხმევისთვის, რომელსაც ისინი არ იშურებენ საკვირაო სკოლის მოსწავლეებისთვის ქართული ენისა და კულტურის შენარჩუნების საქმეში.